ნიკოლო მაკიაველი და ბანქოს სახლი: როგორ შევინარჩუნოთ ძალაუფლება?
თუ ოდესმე გინახავთ სერიალი ბანქოს სახლი, ალბათ გიფიქრიათ: როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი შორსმჭვრეტელი და უგრძნობი იყოს?. ფრენკ ანდერვუდი არ მოქმედებს მორალით, ის მოქმედებს შედეგით. ზუსტად ამას ასწავლიდა ნიკოლო მაკიაველი 500 წლის წინ თავის ყველაზე ცნობილ წიგნში მთავარი.
რაზეა მთავარი?!
ეს წიგნი მაკიაველიმ მაშინ დაწერა, როცა იტალია დაქსაქსული და სუსტი იყო. მას უნდოდა ისეთი ლიდერი, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებდა. მისი მთავარი აზრი ასეთია: პოლიტიკა არ არის რელიგია ან ეთიკა. პოლიტიკაში წარმატება იზომება არა იმით, რამდენად „კეთილი“ ხარ, არამედ იმით, რამდენად კარგად ინარჩუნებ წესრიგს და ძალაუფლებას.
ლომი თუ მელა?
მაკიაველი ამბობდა, რომ წარმატებული ლიდერი ორივე უნდა იყოს. ის უნდა იყოს ლომი, რომ დააფრთხოს მგლები (მტრები), და მელა, რომ ხაფანგებს აუაროს გვერდი და ხალხი ეშმაკობით მართოს.
ფრენკ ანდერვუდი ამის იდეალური მაგალითია. როცა სჭირდება, ის მელასავით ეშმაკობს, ინტრიგებს ხლართავს და ჩუმად მოქმედებს, ხოლო როცა მომენტი დგება ლომივით მკაცრია და ყველას ანადგურებს, ვინც გზაზე გადაეღობება. მისთვის მთავარია მიზანი, საშუალებებს კი მნიშვნელობა არ აქვს.
სჯობს ეშინოდეთ თუ უყვარდეთ?
ეს მაკიაველის ყველაზე ცნობილი კითხვაა. მისი პასუხი მარტივია: იდეალურია ორივე, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე — სჯობს ეშინოდეთ. რატომ? იმიტომ, რომ სიყვარული ცვალებადია, შიში კი — მუდმივი.
დააკვირდით ფრენკს: ის არ ცდილობს, რომ ხალხს უყვარდეს. ის ცდილობს, რომ ხალხს მისი ეშინოდეს, რადგან იცის, რომ შიში უფრო საიმედო იარაღია ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
დაფიქრდი ამაზე:
სანამ ქვიზს შეავსებდე, დაფიქრდი:
-
მიზანი მართლა ამართლებს საშუალებას? თუ შენი მიზანი კარგია (მაგალითად, ქვეყნის გადარჩენა), გაქვს თუ არა უფლება, ამისთვის ვინმეს ზიანი მიაყენო? მაკიაველი იტყოდა, რომ კი. შენ რას ფიქრობ?
-
შეიძლება თუ არა პოლიტიკაში იყო „კარგი ადამიანი“? მაკიაველი თვლიდა, რომ ზედმეტი სიკეთე ლიდერს ღუპავს და ქვეყანას ქაოსში აგდებს. ეთანხმები ამაში ფრენკ ანდერვუდს?